Corporate offers

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას დაასახელებს. საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს 9 თებერვალს გამართავს და პრეზიდენტს თავმჯდომარეობის კანდიდატს შესთავაზებს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად სამოსამართლო საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანსა და მაღალი რანგის სამართლის სპეციალისტს შესთავაზებს, რომელიც აკმაყოფილებს პრეზიდენტის მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურისთვის შესარჩევ კრიტერიუმებს - პრინციპულობას, მენეჯერულ თვისებებს, პროფესიონალიზმსა და პარტიული ნიშნისგან თავისუფლებას. ორგანიზაციამ კანდიდატურა აღნიშნულ პიროვნებასთან შეთანხმების შემდეგ შეარჩია.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2015 წლის 26 იანვარს სპეციალური განცხადება გააკეთეს, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის ახალი ეტაპის დაწყებას ნიშნავს. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან წარდგენილი და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანდიდატურა, პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, მაღალი საზოგადოებრივი ნდობით უნდა სარგებლობდეს. ახალი თავმჯდომარეს აკისრია ვალდებულება, უზრუნველყოს სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობა და მართლმსაჯულების რეფორმა. პოლიტიკური სასამართლოდან სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესში, მთავარი არბიტრის როლის შესრულება. ახალი თავმჯდომარის პიროვნებამ უნდა განსაზღვროს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა. სხვა შემთხვევაში, სასამართლო სისტემა კიდევ 10 წლით ჩამორჩება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას და ევროპულ გამოცდილებას.