ჰოლანდიის სასამართლომ მოქალაქეს 20 წლით ასაკის შემცირებაზე უარი უთხრა

6.12.2018

ჰოლანდიის სასამართლომ მოქალაქეს 20 წლით ასაკის შემცირებაზე უარი უთხრა

2018 წლის 3 დეკემბერს, ჰოლანდიის სასამართლომ უარი უთხრა მოქალაქე ემილ რატელბანდს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში 20 წლით ასაკის შემცირებაზე, რამაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. გასულ თვეს, რატელბანდმა მიმართა სასამართლოს, სადაც ის ამტკიცებდა, რომ თავს 69 წლის ადამიანივით არ გრძნობს და მისი მოთხოვნა ეხმიანება სხვა სახის პიროვნულ ტრანსფორმაციათა შემთხვევებს, რომელიც მიღებულია, როგორც ნიდერლანდებში, ასევე მთელს მსოფლიოში, რაც გულისხმობს პიროვნების მიერ სქესისა და სახელის შეცვლას.

რატელბანდის აზრით, ასაკის შემცირება ისეთივე ლეგიტიმური მოთხოვნაა, როგორც მოთხოვნა პიროვნების მიერ სახელისა თუ  სქესის შეცვლაზე. ამასთან, ასაკის ცვლილება დაკავშირებულია მის გრძნობებთან, იმასთან, თუ როგორ აღიქვამს იგი საკუთარ თავს. ეს მისი შეხედულებებისა და გრძნობებისადმი პატივისცემის საკითხია.

სასამართლომ უარყო ზ/ხსენებული არგუმენტები და აღნიშნა რომ: „ჰოლანდიის სამართალი ადგენს ცალკეულ უფლებებსა და ვალდებულებებს ასაკთან მიმართებით, როგორიცაა  ხმის მიცემის უფლება და სკოლაში სწავლის ვალდებულება. ბატონი რატელბანდის მოთხოვნის დაშვების შემთხვევაში ასაკთან დაკავშირებული ეს მოთხოვნები აზრს დაკარგავს’’.

,,მისტერ რატელბანდს უფლება აქვს თავი იგრძნოს 20 წლით ახალგაზრდად და მოიქცეს შესაბამისადაც, თუმცა, მის ასაკში, დოკუმენტურად ცვლილების შეტანა გამოიწვევს მთელი რიგი მონაცემების გაქრობას დაბადების, გარდაცვალების, ქორწინებისა  და ასევე რეგისტრირებული პარტნიორების რეესტრიდან, რასაც მოჰყვება უამრავი არასასურველი  სამართლებრივი და სოციალური შედეგი.’’-განმარტა არნემის სასამართლომ.

რატელბანდმა საპასუხოდ განაცხადა, რომ სასამართლოს უარმა აპელაციაში შეიძლება მის სასარგებლოდაც კი იქონიოს გავლენა. მისი თქმით, ის  პირველია იმ ათასობით ადამიანთაგან, ვინც სამართლებრივად ეცადა ასაკის შეცვლას.

სასამართლოს თქმით, მისასალმებელია საზოგადოებაში არსებული ტენდენცია, რომ ადამიანები ცდილობენ თავს უფრო დიდხანს გრძნობდნენ ჯანმრთელად, თუმცა ეს ვერ იქნება რელევანტური არგუმენტი პიროვნების ასაკის დოკუმენტური შემცირებისთვის. აქედან გამომდინარე, რატელბანდმა ვერ შეძლო მოსამართლეები დაერწმუნებინა იმაში, რომ ის ასაკობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლია.

მასალა მოამზადა: ლიკა ლემონჯავა

„კაიკაციშვილი და ადვოკატების“ იურისტი