საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის წარმოების განახლების წესი გადაიხედა

18.12.2018

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის წარმოების განახლების წესი გადაიხედა

2018 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა  კონსტიტუციური სარჩელი, საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა თითოეული სადავო მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე და სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.
სადავო ნორმები განსაზღვრავს საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების დასაშვებობისა და მისი შინაარსობრივი განხილვის წესს, ასევე ადგენს განცხადების დაკმაყოფილების შედეგსა და  საქმის ხელახლა განხილვის წესს.


მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, „საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა ართმევს მას სასამართლოსათვის საკუთარი არგუმენტაციის წარდგენისა და ამ ფორმით გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, რაც ხელყოფს მისი სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებას.


სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და აღნიშნა, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. სასამართლოს ევალება არა ფორმალური დასაშვებობის, არამედ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი შესწავლა და ზოგიერთი ახალი ფაქტობრივი გარემოების დადგენა. ამიტომაც, ლეგიტიმურად იქნა მიჩნეული ზეპირი მოსმენის ჩატარების აუცილებლობა. ამასთან, სასამართლოს აზრით, შესაძლებელია, საქმის წარმოებას შედეგად მოჰყვეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა პირის უფლებრივ მდგომარეობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავს შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის ჩატარების აღმატებული საჭიროებაზე მნიშვნელოვანი მითითებები გააკეთა. 


მოსარჩელე სადავოდ ხდიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების წესის მომწესრიგებელ ნორმას. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით“.


აღნიშული სადავო ნორმიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, სადავო ნორმით დადგენილი წესით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.


საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოობისა და შეუქცევადობის პრეზუმფცია, იმთავითვე პირობადებულია ახლად აღმოჩენილი გარემოებებით საქმის განახლების შესაძლებლობით. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობა დაცულია, ვიდრე კანონით განსაზღვრული წესით არ დადგინდება მისი მცდარობა. სათანადო პროცედურის პირობებში, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მცდარობის დადგენის შემთხვევაში, მისი გაუქმება, არათუ ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ ამ უფლების პირდაპირ მოთხოვნას წარმოადგენს.


ამდენად, სადავო ნორმა ადგენს ისეთი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას, რომლის უსწორობა დგინდება სასამართლოს მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის საფუძველზე.


სადავო ნორმა ისეთ შემთხვევასაც ეხება, როდესაც ახლად აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებენ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული მოთხოვნის შემცირების აუცილებლობაზე, გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის გაუქმებაზე ან/და სხვა ისეთ გარემოებაზე, რომელიც აუმჯობესებს გადაწყვეტილების გადახედვის მომთხოვნი მხარის მდგომარეობას და აუცილებელს ხდის არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგების სრული გაუქმებას, არამედ მხოლოდ მისი ნაწილის რევიზიას.


საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ უფლების ნაკლებად მზღუდავ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს გადაწყვეტილების გადახედვის წესი, რომელიც მოსამართლეს მისცემს შესაძლებლობას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, მხარეთა ინტერესების დაბალანსების გზით გადაწყვიტოს, რა ფარგლებში გაუქმდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.


გამომდინარე აქედან, სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან შეუსაბამოდ ცნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას.


მოსარჩელე მხარე, ასევე მიუთითებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის არაკონსტიტუციურობაზე. სადავო ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით. 


მოსარჩელის პოზიციის თანახმად, ხსენებული სადავო ნორმა პირს ერთხელ უკვე წაგებულ საქმეზე თავიდან დავის საშუალებას აძლევს, რაც არღვევდა შეჯიბრობითობის პრინციპს. მისივე მითითებით,  კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვის სამართალწარმოების ორ ეტაპად გაყოფა მნიშვნელოვნად აჭიანურებდა საქმის გადაწყვეტას და არაეფექტურს ხდიდა უფლების დაცვის შესაძლებლობას.


საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგად გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ საქმის წარმოება განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლის გაუქმების საჭიროებაც არ არსებობს.   


საქმის ხელახალი განხილვა და სასამართლოს უკვე ჩამოყალიბებულ პოზიციაზე გავლენის მოხდენას ჭირდება იმ მხარეს, რომლის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოხდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. იგი მას აძლევს დავის მის სასარგებლოდ დასრულების დამატებით შესაძლებლობას. ამდენად, მოსარჩელისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლს აღმჭურველი ხასიათი გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე,  საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არ ზღუდავს მოსარჩელის მიერ სასამართლოს მეშვეობით უფლების დაცვის შესაძლებლობას და, შესაბამისად, არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას.


საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის კონსტიტუციორობაზე და აღნიშნა, რომ სადავო ნორმა განსაზღვრავს სასამართლოს მხოლოდ იმ ვალდებულებას, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების არსებითად განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს ამ განცხადების ფორმალური შესაბამისობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობასთან. ასევე მიუთითა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების დასაშვებობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობა განპირობებულია არა სადავო ნორმით, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლითა და საერთო სასამართლოების კონკრეტულ ინსტანციაში საქმის განხილვის მომწესრიგებელი ზოგადი წესებით.


გამომდინარე აქედან, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ აღნიშნული ნორმის სიტყვები „თავისი ინიციატივით“ სასამართლოს აძლევს საშუალებას, დასახელებული განცხადების დასაშვებობა შეამოწმოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მოსარჩელის თქმით, დასახელებული განცხადების დასაშვებობის შემოწმება საჭიროებს მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას. მაგალითად, დაცულია თუ არა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის წარდგენისათვის დადგენილი ვადები და სხვა. ამგვარი გარემოებების დადგენისას, მხარეებს შეუძლიათ, სასამართლოს მიაწოდონ იმგვარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს განცხადების განსახილველად მიღების ან განუხილველად დატოვების საკითხზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებობის შემოწმება მოხდეს ზეპირი განხილვის გზით, რათა მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაიცვან საკუთარი პოზიციები, გამოთქვან მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და გააბათილონ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები. 

სოფიო მექანარიშვილი
„კაიკაციშვილი და ადვოკატები“ იურისტი