ქრისტიანი ქალბატონი დამსაქმებლისგან 21.5 მილიონ დოლარს მიიღებს

23.01.2019

ქრისტიანი ქალბატონი დამსაქმებლისგან 21.5 მილიონ დოლარს მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ 2019 წლის იანვარში ცნობილ დავაზე გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ქრისტიანი ქალბატონი დამსაქმებლისგან 21.5 მილიონ დოლარს მიიღებს.

მერი ჯინ პიერი, „კონრადის“ სასტუმროთა ქსელში 2006-დან 2016 წლამდე, ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე იყო დასაქმებული. წლების განმავლობაში, სასტუმროს ხელმძღვანელობამ კარგად იცოდა, რომ ქალბატონი, ყოველ კვირა დღეს მონაწილეობას იღებდა ერთ-ერთ ეკლესიაში, ღვითისმსახურების პროცესში. მიუხედავად ამისა, ხელმძღვანელმა იგი დაავალდებულა, რომ სამუშაოდ კვირა დღეს გამოცხადებულიყო.

მერი პიერმა უარი თქვა ამ ვალდებულებაზე, საპასუხოდ კი იგი სამსახურიდან გათავისუფლდა. პიერმა სასამართლო დავა დაიწყო სასტუმრო „კონრადის“ წინააღმდეგ, რა დროსაც აცხადებდა, რომ იგი უსაფუძვლოდ იქნა გათავისუფლებული და მისი რელიგიური თავისუფლების უფლება დაირღვა.

როგორც მოსარჩელე აღნიშნავდა, მას უყვარს ღმერთი და ვერ იმუშავებს კვირა დღეს, რადგან იგი ამ დღეს ღმერთს ეკუთვნის.

როგორც პიერის დამცველი აცხადებდა, სასტუმროს შეეძლო სამუშაო გრაფიკი სხვაგვარად გადაენაწილებინა და პიერის ნაცვლად, სხვა ჩაესვა კვირა დღეს სამუშაოდ, თუმცა, მათ ეს არ გააკეთეს და აბსენტეიზმის მიზეზით, გაათავისუფლეს მოსარჩელე სამსახურიდან.

სარჩელში ასევე აღნიშნული იყო, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ანგარიშსწორებას ქალბატონი პიერის მიმართ. მან შექმნა მტრული სამუშაო გარემო და კიცხავდა მოსარჩელეს საკუთარი რელიგიური შეხედულებებისთვის.

საბოლოოდ, პიერმა 36 ათასი ამერიკული დოლარი სასტუმროსგან, განაცდურის სახით მიიღო, 500 ათასი მორალური ზიანისთვის, ხოლო 21 მილიონი აშშ დოლარი, სასტუმროს მიმართ სადამსჯელო ღონისძიების გატარების შედეგად.

მასალა მოამზადა:

გიორგი ლაბაძემ

„კაიკაციშვილი და ადვოკატების“ იურისტი