KB - სასამართლომ „კვალიფიციური შესაგებელი“ განუხილველი დატოვა

26.01.2019

KB - სასამართლომ „კვალიფიციური შესაგებელი“ განუხილველი დატოვა

KB-ის წარმომადგენლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია განიხილავს ერთ-ერთი ქვეყნის კომპანიის სარჩელს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის მიმართ, დავის საგანზე: თანხის დაკისრება. 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელი სასამართლოში რეგისტრირებულია 2018 წლის 30 აგვისტოს. სასამართლო საქმე განსახილველად მიიღო მომდევნო დღეს - 31 აგვისტოს. მოპასუხე კომპანიამ სარჩელი და მასზედ თანდართული მასალები ჩაიბარა 2018 წლის 4 სექტემბერს. 2018 წლის 17 სექტემბერს სასამართლოს წარედგინა მოპასუხე კომპანიის  წერილობითი შესაგებელი, რომლითაც ქართული კომპანია არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნებს და აღნიშნა, რომ მოთხოვნა არის უკანონო და უსაფუძვლო. შესაგებელი შეიცავდა მხოლოდ ფორმალურ აღნიშვნებს. 

მოგვიანებით, 2018 წლის 3 დეკემბერს, მოპასუხე ქართულმა კომპანიამ სასამართლოს წარმოუდგინა „კვალიფიციური“ შესაგებელი თანდართული მტკიცებულებებით, თუმცა სასამართლომ საქმეს დაურთო მტკიცებულებები და მოპასუხე მხარეს უარი უთხრა „კვალიფიციური“ შესაგებლის მიღებაზე. 

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეყრდნობა შემდეგ სამართლებრივ დასაბუთებას: 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეს სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ჩაბარდა 2018 წლის 04 სექტემბერს და შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა, შესაბამისად იგი უფლებამოსილი იყო შესაგებელი წარმოედგინა 2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.

მოპასუხის მიერ რეალიზებული იქნა აღნიშნული უფლება და სასამართლოს მიერ დანიშნულ 10 დღის ვადაში წარმოდგენილი აქვს მას შესაგებელი, ხოლო 2018 წლის 3 დეკემბერს მოპასუხის წარმომადგენლის ნ. წ.-ის მიერ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი ,,კვალიფიციური“ შესაგებელი წარმოდგენილია საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან მოცემული დროისათვის მოპასუხეს უკვე გაუქარწყლდა შესაგებლის წარმოდგენის უფლება.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე, 414-ე მუხლებით და დაადგინა - მოპასუხის წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 3 დეკემბერს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი ,,კვალიფიციური“ შესაგებელი სარჩელთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველად. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.