KB - გერმანიისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დავა, ბანკის მონაწილეობით, მორიგებით დასრულდა

31.01.2019

KB - გერმანიისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დავა, ბანკის მონაწილეობით, მორიგებით დასრულდა

Kb-ის ჩართულობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქესა და საქართველოს მოქალაქეებს შორის წარმოებულ რთულ დავაზე, მნიშვნელოვანი მორიგების აქტი დამტკიცდა. Kb-ის იურისტები სასამართლოში მოპასუხე მხარის სტატუსით, საქართველოს სამი მოქალაქის - ნ.ბ.-ს, ზ.მ.-ს და გ.მ.-ს ინტერესებს იცავდნენ, მოსარჩელე ქ.-ჰ.-ს, როგორც მოსარჩელის ინტერესებს კი, აგრეთვე ქართველი ადვოკატები იცავდნენ. 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის სექტემბერში, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა გენერალური მინდობილობა, რომლითაც მოსარჩელე უფლებამოსილი გახდა ემართა და განეკარგა „მიმდობი პირის“ ნებისმიერი ქონება, დაედო კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგება ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებით, კერძოდ: შეისყიდოს, გაასხვისოს, გაყიდოს, გააჩუქოს, მიიღოს საჩუქრად, გაიფორმოს თავის თავზე საკუთრების უფლებით, შეიძინოს „მიმდობი პირის“ სახელით ნებისმიერი უძრავი ქონება, ყველა ამ შემთხვევაში, თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს თანხა, ვადა და სხვა პირობები, მოაწეროს ხელი საკრედიტო ხელშეკრულებებს, შეთანხმებას აღნიშნული ხელშეკრულებვების გაუქმების შესახებ, შეიტანოს ცვლილებები მისი შეხედულებისამებრ მითითებულ ხელშეკრულებებში, თანხის გაზრდის, შემცირების, მიღებისა და გაცემის უფლებით. მინდობილობა გაიცა განუსაზღვრელი ვადით. 

მოსარჩელემ 47 000 ათასი აშშ დოლარი გადასცა მოპასუხეს. აღნიშნული თანხიდან 45 000 ათასი აშშ დოლარი უნდა გადახდილიყო დიდი დიღმის ბინის შეძენისთვის, ხოლო 2 000 ათასი აშშ დოლარით უნდა მომხდარიყო შეძენილ ბინაში საოჯახო ინვენტარის ყიდვა. 2011 წლის 27 ოქტომბერს, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეძენილ იქნა აღნიშნული უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე. მომდევნო პერიოდში, მოსარჩელის წარმომადგენელმა - მოპასუხემ შეძენილი უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა მეორე მოპასუხეს, ამ უკანასკნელმა კი უძრავი ქონება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთა, შემდეგ კი - გაასხვისა. აგრეთვე, საქმეში სადავოს წარმოადგენდა გარემოება, რომლის თანახმადაც, მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მიღებული სახსრებით, ქ. ბათუმში შეიძინა სამი საცხოვრებელი ფართი მშენებარე კორპუსში და გახდა აღნიშნული ფართების მესაკუთრე. მოგვიანებით, მოპასუხემ შეძენილი უძრავ ქონებები დატვირთვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით. 2011 წლის 11 სექტემბრის მინდობილობის საფუძველზე, უძრავი ქონებების შეძენა, გასხვსიება ან/და იპოთეკით დატვირთვა ხდებოდა 2011-2017 წლების ფარგლებში. 

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 26 სექტემბრის მინდობილობის საფუძველზე, მოპასუხეს არ ჰქონდა შესაძლებლობა უძრავი ქონება იპოთეკით დაეტვირთა. შესაბამისად, ქონების იპოთეკით დატვირთვისთვის მოპასუხე სხვა სამართლებრივ მოქმედებებს მიმართავდა. მოპასუხე აღნიშნავდა, რომ მოპასუხეს უძრავ ქონებებზე, აგრეთვე, უკანონოდ გააჩნდა საკუთრების უფლება და დადებული გარიგებებიც მართლზომიერი არ იყო. 

ამ პროცესში, მოპასუხესა და ერთ-ერთ ბანკს შორის, 2017 წლის თებერვალში, გაფორმდა ორი გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება - 150 000 და 43 000 აშშ დოლარის ოდენობით. გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა სამი საცხოვრებელი ფართი ქ. ბათუმში, რომლის მიმართაც, მოსარჩელე გამოთქვამდა დაბრუნების პრეტენზიას. მოპასუხემ სხვადასხვა გარემოების გამო, ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფა, 2017 წლის ნოემბერში კი, საკრედიტო ხელშეკრულების მოშლის, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით რეალიზების მოთხოვნით, ბანკმა მოპასუხის მიმართ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. საქმეზე სხდომა არ იქნა, ამ დრომდე ჩანიშნული. 

მოსარჩელემ 2017 წლის 24 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მათ შორის საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, უძრავი ქონების მოქმედი მესაკუთრეების და ბანკის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღიარება, ზიანის ანაზღაურება. არც ერთმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და მოპასუხეს აეკრძალა უძრავი ქონებების გასხვისება. მოსარჩელეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟი - 3000 ლარის ოდენობითაც. 

Kb-ის იურისტები საქმეში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, გენერალური მინდობილობის საფუძველზე გამხდარი მოპასუხეთა ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის მაისიდან ჩაერთვნენ. მოპასუხისა და მოსარჩელის წარმომადგენლებმა, მათი მარწმუნებლების მონაწილეობით, გამოავლინეს პროფესიული დიალოგისა და თანამშრომლობის სამაგალითო შესაძლებლობა. შესაბამისად, მრავალთვიანი მოლაპარაკების შედეგად, მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ დავა დაესრულებინათ მორიგების აქტის საფუძველზე. საქმეში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ბანკის თანხმობის მიღება, შექმნილ ვითარებაში განეხორციელებინა დათმობები და დაკმაყოფილებულიყო დავის მონაწილე ყველა მხარის ინტერესები. შესაბამისად, მოსარჩელის აქტიური მონაწილეობით, მოპასუხის წარმომადგენლების ძალისხმევით, 2019 წლის 28 იანვარს, ბანკმა წარმოადგინა საგარანტიო წერილი, რომლითაც იკისრა ვალდებულება, რომ მოპასუხის უძრავ ქონებებზე მოხსნის იპოთეკას. შეთანხმების თანახმად, ერთი უძრავი ქონების ბანკის საკუთრებაში გადასვლით, სრულად დაიფარება საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბანკის მიმართ არსებული მოპასუხის ფინანსური ვალდებულება. თავის მხრივ, ბანკმა აიღო ვალდებულება უარი თქვას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სარჩელზე და მოხდება მისი უკან გამოხმება. რაც შეეხება მოსარჩელის ინტერესებს - საკუთრებაში გადაეცემა ორი უძრავი საცხოვრებელი ფართი, რომელიც, აგრეთვე ქ. ბათუმში მდებარეობს. 

მორიგების აქტით, აგრეთვე აღიარებულ იქნა:

სასამართლო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად, მხარეებს პროცესის ხარჯებზე ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ გაგვაჩნია, ერთმანეთის მიმართ არ მოვითხოვთ დავასთან არსებული სასამართლო ან სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ გადახდილი ბაჟი და სხვა საპროცესო ხარჯები. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მორიგების აქტის აღსრულების პროცესში, უძრავი ქონებების საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ხარჯსა და მასზედ რიცხულ შესაძლო კომუნალურ დავალიანებებს სრულად გადაიხდის (სრულად დაფარავს) უძრავი ქონებების საკუთრებაში მიმღები მხარე–მესაკუთრე.

მხარეები ვთანხმდებით, რომ წინამდებარე მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას, ვადასტურებთ, რომ წინამდებარე მორიგების აქტს ენიჭება სასამართლოს გადაწყვეტილების ძალა და შესაბამისად, ამ მორიგების აქტისა და ბანკის 28/01/19 საგარანტიო წერილის პირობები უნდა შესრულდეს მხარეთა მიერ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და ამ მორიგების აქტითა და ბანკის 28/01/19 საგარანტიო წერილით დათქმულ ვადებში;

მხარეები ვთანხმდებით, რომ წინამდებარე მორიგების აქტითა და ბანკის 28/01/19 საგარანტიო წერილით გათვალისწინებული პირობების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მხარეებს დავის საგნის ირგვლივ, ერთმანეთის მიმართ სხვა არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს და არც მომავლაში არ გვექნება. 

ცნობისთვის: საქმეზე მორიგების აქტი სასამართლომ 2019 წლის 31 იანვარს დაამტკიცა და მიღებულ იქნა განჩინება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მადი ჩანტლაძემ განიხილა. თავის მხრივ, ცალკე აღნიშვნის ღირსია სასამართლოს, საქმის განმხილველი მოსამართლის ძალისხმევაც, რომელმაც მხარეთა მორიგების მიზნით, კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა მიიღო.