KB - მხარის სიმართლე სააპელაციო ეტაპზეც დადგინდა, საჯარო რეესტრს კი ხარჯების სახით 4,142.50 ლარის გადახდა დაეკისრა

9.02.2019

KB - მხარის სიმართლე სააპელაციო ეტაპზეც დადგინდა, საჯარო რეესტრს კი ხარჯების სახით 4,142.50 ლარის გადახდა დაეკისრა

KB-ის წარმომადგენლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც, თავის მხრივ - დაკმაყოფილდა მოსარჩელე იზა. ძ-ს სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება კახაბერ დ.-ს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება ნიკა ა.-ს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის „N“ სარეგისტრაციო წარმოებაზე 2015 წლის 13 იანვარს დადგენილი (მომზადებული) საკადასტრო გეგმა და რეგისტრაციის შესახებ 2015 წლის 13 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება უძრავი ქონების „N“ საკადასტრო საზღვრების განსაზღვრის ნაწილში.

KB საერთო სასამართლოებში მოსარჩელე იზა ძ.-ს ინტერესებს წარმოადგენდა. მხარემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37–ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ეტაპზე სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ მოითხოვა სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრება. პალატამ სრულად დააკმაყოფილა მოთხოვნა და ადმინისტრაციულ ორგანოს, იზა ძ.-ს სასარგებლოდ 4,142.50 ლარის გადახდა დააკისრა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37–ე მუხლის თანახმად, „პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები“.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაავალა საქმეზე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი სამართლებრივი აქტი. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საკუთრების უფლების მიმართ მოსარჩელე იზა ძ.-ს გადაუდებელი კანონიერი ინტერესის საფუძველზე, რაც თავის მხრივ, დაეფუძნა საქმეში მოპოვებულ და წარდგენილ უტყუარ მტკიცებულებებს.

სარჩელი რუსთავის საქალაქო სასამართლოში რეგისტრირდა 2016 წლის 16 მარტს, ხოლო საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, KB ჩაერთო 2017 წლის 7 ივლისიდან. საქმეზე გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოსამართლე ნინო ონიანმა მიიღო, სააპელაციო სასამართლოში კი საქმე ერთპიროვნულად, ილონა თოდუამ განიხილა.