KB - სასამართლომ 91 წლის ქალბატონს დისშვილის მიერ მიტაცებული სახლი დაუბრუნა

23.03.2019

KB - სასამართლომ 91 წლის ქალბატონს დისშვილის მიერ მიტაცებული სახლი დაუბრუნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა 2011 წლის 12 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება და 91 წლის ქალბატონი, რომლის ერთადერთი საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში, საკუთარი დისშვილის მიერ იქნა მიტაცებული, საცხოვრებელ ფართზე მესაკუთრედ იქნა აღიარებული.

საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეს საკუთრების უფლება წარმოეშვა 1992 წლის 25 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე და ამ პერიოდიდან დღემდე, უწყვეტად ცხოვრობდა და ფლობდა სადავო სახლში. 2018 წლის სექტემბერში, ცნობილი გახდა ფაქტი, რომელიც წლების განმავლობაში, შეუმჩნეველი აღმოჩნდა ახლო ნათესავებს შორისაც. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის აგვისტოს თვეში გარკვეული უთანხმოებების წარმოშობის შემდგომ, რაც უკავშირდებოდა მოსარჩელის კუთვნილი ულუფას მითვისებას, ბენეფიციარის ბარათის დაუბრუნებლობას, სახელმწიფო ფულადი თანხების უნებართვოდ მიღებას და სხვა, გამჟღავნდა ფაქტი და აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის ერთადერთი საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებული გააჩნდა 2011 წლის 12 დეკემბერს.

მოსარჩელე გადმოსცემს, რომ მოპასუხესთან ერთად, დოკუმენტებთან ურთიერთობა, წლების წინ, ნამდვილად გააჩნდა, როდესაც განსაკუთრებული ნდობის გამო, დახმარება სთხოვა პენსიის მიღების გაგრძელებისთვის ბანკში ფიზიკურად მიყვანა და გარკვეული სარეგისტრაციო პროცედურების გავლა. მოსარჩელემ გადმოსცა, რომ მოპასუხემ სწორედ ამ მიზნით მიიყვანა ბანკის მომსახურების სერვის-ცენტრში და სწორედ მაშინ მოაწერინა ხელი გარკვეულ დოკუმენტაციას. იქედან გამომდინარე, რომ ბანკის მომსახურების სივრცეში, მაშინდელი გამოცდილებით, იმავდროულად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც საქმიანობდნენ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ამ ფორმით დაეუფლა ერთადერთ საცხოვრებელ ბინას და რომ საკუთრების უფლების დათმობაზე, არავითარი თანხმობა და ნამდვილი იურიდიული ნება არ გამოუხატავს.

KB-ის წარმომადგენლებმა, წინამდებარე რთული დავის ფარგლებში, შეძლეს დასაბუთება, რომ  2011 წლის 12 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გამოხატავდა ქალბატონის ნამდვილ იურიდიულ ნებას. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დეტალურად იქნა გამოკვლეული სადავო გარემოებები. მოპასუხის არგუმენტს წარმოადგენდა ქალბატონის მიერ 1998 წელს დისშვილის მიმართ შედგენილი ნოტარიულად დამოწმებული ანდერძი, რომლის მიხედვითაც, ქონება უნდა დარჩენოდა მოპასუხეს. ანდერძის ნამდვილობა მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლებმა შეძლეს, რომ სასამართლოსთვის წარედგინა ქალბატონის ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი ახსნა-განმარტება, სადაც გამოითქვა ანდერძის შეცვლის სურვილი და ქონების დაბრუნების შემდეგ, მისი ახალი ანდერძის საფუძველზე, განკარგვის სურვილი. სადავო გარემოებების კვლევის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა რომ  2011 წლის 12 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მოტყუებით დადებას.

სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც, მოსარჩელეს სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, გადავადებული ჰქონდა. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბერს წარედგინა. საქმე მოსამართლე ლილი ტყემალაძემ განიხილა, რომელმაც ინდივიდუალური მოსამართლის საუკეთესო სტანდარტი აჩვენა.