KB - სააპელაციო სასამართლომ კომპანიის გაფრთხილების განკარგულება ბათილად ცნო

11.05.2019

KB - სააპელაციო სასამართლომ კომპანიის გაფრთხილების განკარგულება ბათილად ცნო

2019 წლის 7 მარტის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის განკარგულება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გაფრთხილების შესახებ. სააგენტოს დაევალა, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საქმეზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველევითი ცენტრმა 2015 წლის 30 ივნისს გამოაცხადა შესყიდვა ქსელური მოწყობილობების თაობაზე. განხორციელებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია. გამარჯვებულად გამოვლენის შემდეგ, 2015 წლის 5 აგვისტოს მასთან გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის მიხედვითაც, კომპანიას უნდა მიეწოდებინა 12 სახის საქონელი და უნდა განეხორციელებინა მათი მონტაჟი. კომპანიამ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან ცენტრს მიაწოდა 12 სახის საქონელი, თუმცა  ცენტრმა ჩაიბარა მხოლოდ 11 სახის საქონელი, ხოლო 1 სახის საქონლის, კერძოდ, ups 1000 rack mount-ის ჩაბარებაზე უკანონოდ უარი განაცხადა. კომპანიამ ჩაბარებული საქონლის მონტაჟი განახორციელა, ხოლო იმ საფუძვლით, რომ ცენტრმა დაუსაბუთებლად არ ჩაიბარა მიწოდებული ერთი სახის საქონელი, შესაბამისად ვერ განხორციელა ჩაუბარებელი საქონლის მონტაჟი.

2015 წლის 6 ოქტომბერს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველევითი ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, იმ საფუძვლით, რომ თითქოს კომპანიამ დაარღვია მიწოდების ვადები, არ განახორციელა საქონლის სრულად მიწოდება და ვადის გადაცილების გამო დააკისრა პირგასამტეხლო. 2015 წლის 6 ოქტომბრის წერილით, ცენტრმა მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპანიის შავ სიაში დარეგისტრირებაზე. აღნიშნულის საფუძველზე, 2015 წლის 2 ნოემბერის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებით, კომპანიას მიეცა გაფრთხილება.

KB-ის წარმომადგენლები სამართალწარმოების პროცესში თავიდანვე ჩაერთვნენ. კომპანიამ დავა წარმართა, როგორც სამოქალაქო მოთხოვნის, ასევე მიღებული გაფრთხილების ბრძანების გაუქმების მოთხოვნით. მხარემ აღნიშნა, რომ ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ იყო უკანონო და დაუსაბუთებელი, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიამ სრულად და ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებაც გაფრთხილების შესახებ იყო უკანონოა და მოსარჩელეს ადგებოდა მნიშვნელოვანი ზიანი გაფრთხილებული მიმწოდებლების რეესტრში რეგისტრაციით. იმ ვითარებაში, როდესაც კომპანია მოთხოვნას აყენებდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, მხარემ დააყენა შუამდგომლობა სამოქალაქო დავაზე მისაღებ გადაწყვეტილებამდე შეჩერებულიყო ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, არ დააკმაყოფილა კომპანიის სარჩელიც 2015 წლის 2 ნოემბერის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულების გაუქმებაზე, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, დაკმაყოფილდა კომპანიის შუამდგომლობა და სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება. სამოქალაქო დავაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა (ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება), რაც გასაჩივრებული იქნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველევითი ცენტრის მხრიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, მისაწოდებელ საქონელზე და მის მონტაჟზე 5-დღიანი ვადაგადაცილებისა და 1500 ლარის ღირებულების საქონელზე და მონტაჟზე დაფიქსირებული 18-დღის ვადაგადაცილების გამო, კომპანიას პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 861.25 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში - ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა საკასაციო წესით და შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დასკვნით, სამოქალაქო სამართლის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისთვის ცხადყოფს, რომ კომპანიამ სრულად შეასრულა 2015 წლის 5 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო საქონლის მიწოდების პერიოდში კომპანიის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები. ამის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავოდ გამხდარი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ნოემბრის განკარგულებას კომპანიის გაფრთხილების შესახებ საფუძვლად უდევს მიწოდების პროდუქციის მიუწოდებლობის გარემოებები, რაც ხელშეკრულების შეუსრულებლობის ნაწილში უარყოფილია სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს მიერ. პალატა აღნიშნავს, რომ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეცვლილია კომპანიის (აპელანტის) სასარგებლოდ. ამასთან, დღეის მდგომარეობით, კომპანია გაფრთხილებული მიმწოდებლების სიიდან, კანონით დადგენილი ერთწლიანი ვადის გამო ამოღებულია. შესაბამისად, კომპანიის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ მხარის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ნოემბრის გაფრთხილების განკარგულების ბათილად ცნობა, რაც სრულად იქნა გაზიარებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 2 ნოემბრის განკარგულება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გაფრთხილების შესახებ. სააგენტოს დაევალა, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საქმეზე. ამ დროისთვის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე გიორგი გოგიაშვილმა (თავმჯდომარე), ილონა თოდუამ და შოთა გეწაძემ განიხილეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში - ივანე აღნიაშვილმა.  სააპელაციო საჩივრის ავტორის ინტერესებს კომპანიის სახელით არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენდა.