KB – დისშვილმა 88 წლის დეიდას ერთადერთი საცხოვრებელი სახლი მიითვისა, სასამართლომ კი ქონება დააყადაღა

12.10.2019

KB – დისშვილმა 88 წლის დეიდას ერთადერთი საცხოვრებელი სახლი მიითვისა, სასამართლომ კი ქონება დააყადაღა

KB -ს იურიდიული დახმარების აღმოჩენის მიზნით მომართა 88 წლის ქალბატონმა, რომელმაც აღნიშნა, რომ 1992 წლის 3 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ფლობდა 30.00 კვ.მ ფართობის ერთადერთ საცხოვრებელ სახლს ქ. თბილისში. ქალბატონი არ ყოფილა დაოჯახებული, ხოლო დისშვილის მხრიდან მიიღო დაპირება, რომ უზრუნველყოფდა დამხმარე ქალბატონით, საკვებით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ხარჯებით, სანაცვლოდ კი საცხოვრებელი სახლი სიცოცხლეშივე დაეთმო. შედეგად, 2007 წელს, ქალბატონმა დისშვილს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ნივთი დაუთმო, რომელიც დისშვილს ამჟამად იპოთეკით აქვს დატვირთული.

პირველ ეტაპზე, დეიდას მიმართ, მართალია შეინიშნებოდა ყურადღება და ჯანსაღი დამოკიდებულება, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში, დისშვილმა დეიდასთან კონტაქტი გაწყვიტა. დისშვილი მეუღლესთან და ერთადერთ შვილთან ერთად, ოჯახით, 2018 წლის ზაფხულიდან იმყოფება აშშ-ში, გამგზავრებამდე კი განუცხადა, რომ ვერც თავად და ვერც მისი ოჯახის წევრები, ვეღარ შეძლებდა საჭირო დახმარებას, გააჩნდა სხვადასხვა ურთიერთობებიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებები და არავითარი შესაძლებლობა აღარ გააჩნდა რაიმე ფორმით დეიდას დახმარებოდა. 2019 წლის ივლისში, სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად, დეიდამ დისშვილისგან მიიღო ინფორმაცია, რომ შესაძლოა, საცხოვრებელი სახლი დაგროვილი ვალების გამო, გასხვისებულიყო და დეიდას საცხოვრებლად მეზობელთან გადასვლა მოუწევდა (!) რაც სრული სტრესი აღმოჩნდა ხანდაზმული ქალბატონისთვის. სწორედ ამ დამოკიდებულებებმა და ურთიერთობებმა მიაღებინა მხარეს გადაწყვეტილება, დაეცვა ერთადერთი საცხოვრებელი ფართი ხელყოფისგან და მოეთხოვა დადებული ხელშეკრულების გაუქმება, მესაკუთრედ დაბრუნება.

კომპანიის იურისტებმა 2019 წლის 30 სექტემბერს სარჩელით მიმართეს სასამართლოს და საქმესთან დაკავშირებით წარადგინეს მტკიცებულებები და დასაბუთება. ამასთან, მოთხოვნილ იქნა სადავო ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი და  2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, დააკმაყოფილა მოთხოვნა ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ.

ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2019 წლის 27 სექტემბრის წერილით დადგენილია, რომ ქალბატონი სარგებლობს საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოს მომსახურებით. გააჩნია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფასო სასადილოს მოწმობა. მართალია, ქალბატონი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მაგრამ არ არის საარსებო შემწეობის მიმღები. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

KB აღნიშნულ საქმეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, პრო-ბონო პრინციპის გამოყენებით აწარმოებს. ეს არის მეორე შემთხვევა და იდენტური დავა, რომელსაც კომპანია სასამართლოში წარმართავს. ამ ეტაპზე, საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დანიშნული არ არის.