რას გადაწყვეტს უზენაესი სასამართლო? საქმე, რომელიც კანონიერ გადაწყვეტილებას სამი წელია ელოდება

2.11.2019

რას გადაწყვეტს უზენაესი სასამართლო? საქმე, რომელიც კანონიერ გადაწყვეტილებას სამი წელია ელოდება

KB-ის წარმოებაშია სამემკვიდრეო სამართლის სფეროდან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც, თავისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, განეკუთვნება რთული კატეგორიის დავების შემადგენელს და იძენს პრაქტიკული მნიშვნელობის დანიშნულებას. საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

KB სასამართლოში წარმოადგენს გიორგი ბ.-ს ინტერესებს, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა 2016 წლის 26 დეკემბერს და მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, უძრავ ნივთზე თანამემკვიდრედ ცნობა და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. დავის მოკლე ისტორია ასეთია: 2016 წლის 17 მარტს გარდაიცვალა ლ. ს.-ძე (შემდგომში მამკვიდრებელი), რომელსაც სამკვიდრო ქონების სახით დარჩა საცხოვრებელი ფართი და ავტოფარეხი ქ. თბილისში. ანდერძის არარსებობის გამო, დადგა კანონით მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების საკითხი.  I, II, III რიგის მემკვიდრეების არარსებობის გამო, სამკვიდრო ქონების გადანაწილება უნდა მომხდარიყო  IV რიგის მემკვიდრეებს - ნ. ს.-ძესა და გიორგი ბ.-ს შორის. ნ. ს.-ძემ სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ აიღო სამკვიდრო მოწმობა, რის საფუძველზეც მან მაშინვე ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა აღნიშნული ქონება თავის შვილს, მ.მ.-ს. გამომდინარე იქიდან, რომ ნ. ს.-ძე აცნობიერებდა, რომ არსებობდა თანაბარუფლებიანი სხვა მემკვიდრეც, რომელსაც იმ დროისთვის არ შეეძლო ნების გამოხატვა და მომავალში შესაძლებელი იქნებოდა მემკვიდრეობით მიღებული ქონება სადავო გამხდარიყო, მაშინვე ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრების უფლება სრულ ქონებაზე გადასცა შვილს. გ. ბ.-მ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ მოახერხა თავისი უფლების რეალიზება და ნების გამოხატვა.  მოსარჩელემ დაიწყო  სამართლებრივად საქმის მოწესრიგება და მისი კანონიერი უფლების აღდგენა მაშინვე, როგორც კი აისახა გარკვეული პროგრესი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კერძოდ, როგორც კი გ. ბ.-მ შეძლო აღნიშნული ფაქტის აღქმა, ნების გამოვლენა და უფლებადარღვევაზე რეაგირება, მან დაიწყო სამართლებრივი მოქმედება.

თანამემკვიდრე გ. ბ.-ს აღენიშნება დაავადება, რომელიც ხასიათდება პერიოდულობითა და სამედიცინო თვალსაზრისით, საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას. აღნიშნული დაავადება, არა მხოლოდ მის ფიზიკურ  შესაძლებლობებზე ახდენს უარყოფით გავლენას, არამედ უზღუდავს მას იურიდიული თუ ფიზიკური ნების გამოხატვას, რაციონალურად აზროვნების შესაძლებლობას. ამ დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა დამოუკიდებლად გაეანალიზებინა მისი დისშვილის გარდაცვალების ფაქტი და აღექვა თავი, როგორც მემკვიდრე. მოსარჩელე გამოკვლევებს იტარებს პერიოდულად და სასამართლოს მიმართ წარმოდგენილ იქნა მისი სამედიცინო ისტორია და სამედიცინო დანიშნულება. 

სარჩელს მტკიცებულებათა სახით თან დაერთო დისშვილის გარდაცვალების პერიოდში მკურნალი ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების რეცეპტები, რომელთა ანოტაციებიდანაც ცალსახად აღქმადია მოსარჩელის დაავადების სიმძიმე და მისი გამოვლინების ფორმები. მოსარჩელის მიმართ, მხოლოდ 2016 წლის მარტში ჩატარებული გამოკვლევებისა და სამედიცინო ჩვენებების შედეგად დანიშნული მედიკამენტური მკურნალობის შედეგად, 6 თვის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომ გამოიხატა გარკვეული ხელშესახები პროგრესი. კერძოდ, გ. ბ.-მ მართალია, შეძლო გადაადგილება, თუმცა დახმარებით. იმავდროულად, ჯანმრთელობის ხელშესახები პროგრესის ფონზე, შეძლო იურიდიული ნების გამოვლენის უზრუნველყოფაც. მისი ნების გამოვლენის შესაძლებლობას ადასტურებს 2016 წლის 11 ნოემბერს შვილის - მ. ბ.-ის მიმართ რწმუნებულების შედგენისა და მისი ნოტარიულად დამოწმების ფაქტი, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ის მარჯვენა ხელის შეზღუდულობის გამო, ხელის მოწერის უფლებას ანიჭებდა მეორე შვილს - ნ. ბ.-ს.

2016 წლის 27 დეკემბერს, სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა და სადავო უძრავი ქონებების მიმართ გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - გასხვისების და რაიმე სხვა უფლებით დატვირთვის აკრძალვა. ამასთან, საქმის განხილვის პროცესში, სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა სხვადასხვა მტკიცებულება, რომელიც მხარეთა შორის ნათესაური კავშირის ნამდვილობასა და მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულეს შეეხებოდა. სასამართლომ მოწმის სახით გამოკითხა პირიც, რომელმაც, აგრეთვე, აღწერა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხები სადავო პერიოდთან მიმართებით.

2018 წლის 14 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მსჯელობის თანახმად, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადავო სამკვიდროს გახსნის დროისთვის, 2016 წლის 17 მარტის მდგომარეობით, კონკრეტულად რა დიაგნოზი ჰქონდა დასმული მოსარჩელე მხარეს. სასამართლოს განმარტებით, ვერ დგინდებოდა მხარეთა შორის ნათესაური კავშირი (ურთიერთობა).

2018 წლის 23 აპრილს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს წესით. მხარემ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან, სააპელაციო საჩივრის წარდგენამდე, შეძლო იმ აუცილებელი დოკუმენტების მოპოვება, რომელიც მხარეთა შორის ნათესაური კავშირის დადგენას უდავოდ ხდიდა. მოსარჩელემ სასამართლოს ძალისხმევითაც იგივე მცდელობა პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმისწარმოების პროცესშიც სცადა, თუმცა სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა ვერ შეძლეს მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება და გაცემა. რაც შეეხება მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მხარემ სასამართლოს დამატებით წარუდგინა იმ სამედიცინო ცენტრის დასკვნა, რომელიც მოსარჩელის სადავო პერიოდსა და დასკვნის მომზადების პერიოდისთვის, იდენტურ მდგომარეობაზე მიუთითებდა.

2019 წლის 24 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ სრულად გაიზიარა მხარის მტკიცება და დადგენილად ცნო მხარეთა შორის ნათესაური კავშირი, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე დატოვა უფლების დაცვის გარეშე - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთადერთი საფუძვლით - სასამართლომ განმარტა, რომ მას არ გააჩნდა შესაბამისი სამედიცინო ცოდნა და კომპეტენცია, დაედასტურებინა ან მოეხდინა უარყოფა, წარმოდგენილი სამედიცინო მტკიცებულებების საფუძველზე, თუ რა ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობის წინაშე იმყოფებოდა მოსარჩელე შეეძლო თუ არა მას იურიდიული ნების გამოხატვა სამკვიდრო ქონების ნაწილის მისაღებად. პალატამ აღნიშნა, რომ ამ საკითხის კვლევისთვის და შესაბამისი დადგენისთვის, სასამართლოს ესაჭიროებოდა კომპეტენტური დასკვნა.

2019 წლის 14 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წესით. 2019 წლის აპრილის თვეში, საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში მიიღო. მხარე საქართველოს უზენაესი სასამართლოსგან მოითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

  • ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლომ საპატიოდ და დასაშვებად ცნო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილი. კერძოდ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით. საქმეს დაერთო მტკიცებულებები, რომლებიც ასაბუთებდნენ მხარეთა შორის ნათესაური კავშირის ფაქტს, ხოლო საქმეზე მტკიცებულების სახით არ დაერთო სამედიცინო ცენტრის წერილი-აღწერილობა, რომელიც გადმოსცემდა მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობას. სასამართლოს მოტივაცია დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ სარჩელზე თანდართული სამედიცინო მასალა ისედაც ხდიდა შესაძლებელს მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმებულიყო და სააპელაციო ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტი ახალ გარემოებებზე არ მიუთითებდა.
  • დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მხარის მტკიცება და დადგენილად ცნო მხარეთა შორის ნათესაური კავშირი, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე დატოვა უფლების დაცვის გარეშე - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთადერთი საფუძვლით - სასამართლომ განმარტა, რომ მას არ გააჩნდა შესაბამისი სამედიცინო ცოდნა და კომპეტენცია, დაედასტურებინა ან მოეხდინა უარყოფა, წარმოდგენილი სამედიცინო მტკიცებულებების საფუძველზე, თუ რა ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობის წინაშე იმყოფებოდა მოსარჩელე, შეეძლო თუ არა მას იურიდიული ნების გამოხატვა სამკვიდრო ქონების ნაწილის მისაღებად. პალატამ აღნიშნა, რომ ამ საკითხის კვლევისთვის და შესაბამისი დადგენისთვის, სასამართლოს ესაჭიროებოდა კომპეტენტური დასკვნა.

მხარე, საქმეში არსებული შედეგების და სინამდვილის გათვალისწინებით, აღნიშნავს და ყურადღებას მიაქცევს იმას, თუ რატომ არის საკასაციო საჩივარი დასაბუთებული და მოთხოვნის ფარგლები - კანონიერი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,  "სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი".

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, "თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება".

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და აღმოჩნდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის განმხილველ პალატას საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე - მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სპეციალური ცოდნა არ გააჩნდა. შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო თავისი ინიციატივით დაენიშნა ექსპერტიზა, რაც საქმის კანონიერად გადაწყვეტისთვის, არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა, რაც არ გაუკეთებია. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ხოლო საკასაციო საჩივრით დააყენა შუამდგომლობა - საპატიო მიზეზის გამო, გადავადებულიყო დასკვნის წარმოდგენა და დასკვნა ახალი მტკიცებულების სახით, თან დაერთვოდა საქმეს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის ივნისის თვეში მიღებული დასკვნით, სრულად დადგინდა და დადასტურდა მოსარჩელის სადავო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობა. კერძოდ, ფაქტი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს 2016 წლის მარტის თვიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში არ გააჩნდა გონებრივი შესაძლებლობა გამოეხატა თავისუფალი ნება იურიდიული მოქმედების განხორციელებისთვის. კერძოდ, არ შეეძლო მას თავისუფლად მოეთხოვა სამკვიდრო ქონების მიღება და ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მდგომარეობითაც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო იგივე.

სასამართლომ, ფაქტობრივად, ღირსი ინტერესის გარეშე დატოვა მოსარჩელე, რომელიც ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობით, მტკიცდება, რომ სადავო პერიოდში, შეუძლებელი იყო, გამოეხატა იურიდიული ნება, მოეხდინა თავისუფალი გადაადგილება და გაეკეთებინა განაცხადი სამკვიდროს ქონების მიღებაზე. შესაბამისად, არსებობს სამართლებრივი წინაპირობა და იურიდიული საფუძვლები, საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შეაფასებს სადავო გარემოებებს, ვინაიდან საქმეზე ამგვარი შედეგი, სააპელაციო პალატის საპროცესო ვალდებულოების შეუსრულებლობით დადგა.

დღეს მოსარჩელე 76 წლისაა და KB-ს წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს სასამართლოს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. მხარეს აქვს სრული მოლოდინი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიღებს კანონიერ და სწორ გადაწყვეტილებას, დაკმაყოფილდება მხარის მოთხოვნები და პირი აღდგენა კანონიერ ინტერესებში.