შესაძლებელია თუ არა სოციალურ ქსელში მოსამართლისა და მხარის წარმომადგენლის მეგობრობა გახდეს მოსამართლის აცილების საფუძველი

7.02.2018

შესაძლებელია თუ არა სოციალურ ქსელში მოსამართლისა და მხარის წარმომადგენლის მეგობრობა გახდეს მოსამართლის აცილების საფუძველი

მოსამართლის აცილების ინსტიტუტი ემსახურება დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის განმტკიცებასა და სასამართლოს სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ინსტიტუტი რეგულირდება არაერთი სამართლებრივი ნორმით. მიუკერძოებლობა, როგორც წესი, ნიშნავს საქმისადმი წინასწარ დაინტერესებისა და ტენდენციურობის გამორიცხვას და იგი ფასდება სუბიექტური და ობიექტური ტესტის მიხედვით. სწორედ ამიტომ, საინტერესოა, ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების განხილვა.

ამ მიმართულებით საინტერესოა ფლორიდის შტატის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ-ერთ საქმეზე - The Herssein Firm V. USAA.  2017 წლის 8 ივნისს The Herssein Firm-ის წარმომადგენელმა მოითხოვა საქმის განმხილველი მოსამართლის აცილება იმ მოტივით, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელი და მოსამართლე “Facebook მეგობრები“ იყვნენ. მოსარჩელის მტკიცებით, ეს ფაქტი მას უჩენდა ეჭვს, რომ საქმის განხილვის პროცესში მოსამართლე მიკერძოებული იქნებოდა. აცილების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა,  რაც შემდომში მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა პირველი ინტანციის შეხედულება და თავისი გადაწყვეტილება სამ მნიშვნელოვან გარემოებას დააფუძნა:

  1. სოციალურ ქსელში მეგობრობა არ მიუთითებს რეალურ ცხოვრებაშიც ახლო მეგობრობის ფაქტზე - ზოგიერთ მომხმარებელს ათასობით მეგობარი ჰყავს ვირტუალურ სივრცეში, რომელთაგანაც უმეტესობა მხოლოდ შორეული ნაცნობია.
  2. ხშირ შემთხვევაში, სოციალურ ქსელში დამეგობრებული მომხმარებლები ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ.
  3. “Facebook მეგობრობას “შესაძლოა განაპირობებდეს არა პირადი ნაცნობობა, არამედ მონაცემების ელექტრონული დამუშავება - Facebook-ი ხშირად სთავაზობს მომხმარებლებს იმ ხალხის დამეგობრებას ვირტუალურ სივრცეში, რომელთანაც ბევრი საერთო მეგობარი აკავშირებთ. აღნიშნულის მაგალითია “People you may know” სერვისი - ხალხი, რომელსაც შესაძლოა იცნობდეთ.

სააპელაციო სასამართლოს, ფაქტობრივად, დაევალა ერთმანეთისაგან გაემიჯნა „Facebook მეგობრისა“ და მეგობრის ცნებები. სასამართლოს განმარტების თანახმად, მხოლოდ სოციალურ ქსელში მოსამართლისა და მხარის/წარმომადგენლის მეგობრობა არ შეიძლება გახდეს მოსამართლის აცილების საფუძველი. ამის უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტი არის ის, რომ ვირტუალური მეგობრები, რეალურ ცხოვრებაში, ხშირად ერთმანეთსაც კი არ იცნობენ. შესაბამისად, აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის, სოციალურ ქსელში კავშირის გარდა უნდა არსებობდეს  დასაბუთებული ვარაუდი მოსამართლის მიერ მიკერძოებული გადაწყვეტილების გამოტანის ალბათობასთან დაკავშირებით.

Gulf Maritime Warehouse v. Towers - მოსამართლემ დააყენა თვითაცილების საკითხი, რადგან მოსარჩელე კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს მისი მეუღლე წარმოადგენდა.

In Re O’Connor - მოსამართლე აცილებულ იქნა საქმიდან, რადგან განქორწინების დავის ერთ-ერთი მხარის ყოფილი თანამშრომელი იყო.

Nalle v. City of Austin - უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის აცილების საკითხი, რადგან ის ქალაქ ოსტინში ცხოვრობდა. სარჩელის დაკმაყოფილება პირდაპირ გავლენას მოახდენდა არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ მის პირად ინტერესებზეც, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა სწორედ ქალაქ ოსტინის მაცხოვრებელთათვის გადასახადების გაუქმებას ითვალისწინებდა.

Pahl v. Whitt - საქმის განმხილველი მოსამართლე ფლობდა აქციებს კომპანიაში, რომელიც აღნიშნულ საქმეში მხარეს წარმოადგენდა, შესაბამისად, მოსამართლე აცილებულ იქნა.

Johnson v. Johnson 8 - მოსამართლე აცილებულ იქნა, რადგან მას მიცემული ჰქონდა ერთ-ერთი მხარისათვის სამართლებრივი რჩევა იმავე ტიპის დავაზე.