KB - სასამართლომ 8 წლის წინ მოტყუებით მიღებულ ქონებას ყადაღა დაადო

8.10.2018

KB - სასამართლომ 8 წლის წინ მოტყუებით მიღებულ ქონებას ყადაღა დაადო

KB-ის წარმომადგენლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, კ.მ-ს განცხადება სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს აეკრძალა ქ. თბილისში სადავო უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. 

სასამართლომ გაიზიარა განმცხადებლის მსჯელობა, რომლის თანახმადაც, თუკი სადავო სამართალებრივი ურთიერთობების პირობებში, არ მოხდებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, მომავალი მოსარჩელის უფლების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აღსრულების ეტაპზე, შესაძლებელია, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აღმოჩენილიყო სხვა კეთილსინდისიერი შემძენთა ხელში, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდებოდა, დამდგარი ზიანი კი კომპენსირებული ვერ იქნებოდა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მიხედვით, 2018 წლის სექტემბერში გამჟღავნდა დისშვილის მიერ დეიდის ერთადერთი საცხოვრებელი ბინის 2011 წელს მოტყუებით დაუფლების ფაქტი. კ.მ-მ განსაკუთრებული ნდობის გამო, პენსიის მიღების გაგრძელებისთვის ბანკში ფიზიკურად მიყვანა და გარკვეული სარეგისტრაციო პროცედურების გავლისთვის დახმარებას სთხოვა დისშვილს. განმცხადებელი გადმოსცემს, რომ მოპასუხე სწორედ ამ მიზნით მიიყვანა ს.ს. „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების სერვის-ცენტრში და სწორედ მაშინ მოაწერინა ხელი გარკვეულ დოკუმენტაციას. იქედან გამომდინარე, რომ ბანკის მომსახურების სივრცეში, მაშინდელი გამოცდილებით, იმავდროულად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც საქმიანობდნენ, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მოპასუხე ამ ფორმით დაეუფლა ერთადერთ საცხოვრებელ ბინას და რომ საკუთრების უფლების დათმობაზე, არავითარი თანხმობა და ნამდვილი იურიდიული ნება არ გამოუხატავს. 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, 1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. 2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

საქმეზე სასამართლოს აღიარებითი სარჩელით მიემართება.