რა გადაწყვიტეს ბრიტანეთისა და აშშ უზენაესმა სასამართლოებმა მეწარმეებთან გეი წყვილების დავაზე

11.10.2018

რა გადაწყვიტეს ბრიტანეთისა და აშშ უზენაესმა სასამართლოებმა მეწარმეებთან გეი წყვილების დავაზე

2018 წლის 10 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე: „Lee v Ashers Baking Company Ltd“. 


2014 წლის მაისში, მისტერ ლი (მოსარჩელე), ერთ-ერთ ნამცხვრის მაღაზიას ესტუმრა ტორტის შეკვეთის მიზნით, რომელზეც სურდა ყოფილიყო წარწერა - „მხარდაჭერა გეი ქორწინებას“. კვირის განმავლობაში, მაღაზიის მესაკუთრე მისტერ მაკარტური მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ ის ვერ შეასრულებდა ამ შეკვეთას და ტორტზე ნახსენებ წარწერას ვერ დაიტანდა, რადგან მისტერ და მისის მაკარტურები, იყვნენ ქრისტიანი მეწარმეები და ასეთი წარწერა შეეწინააღმდეგებოდა მათ რწმენას, რომ გეი ქორწინება მიუღებელია ღმერთისთვის. 


მისტერ ლიმ, ჩრდილოეთ ირლანდიის თანასწორობის კომისიის მხარდაჭერით, საოჯახო საწარმოს ქმედება სასამართლოში გაასაჩივრა და მისი დისკრიმინაციის ფაქტად აღიარება მოითხოვა. 
საქმის ჩრდილოეთ ირლანდიის სასამართლოში განხილვის შემდეგ, იგი დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს განსახილველი გახდა, რომელმაც მხარი დაუჭირა მცხობელთა არგუმენტებს და მათი მოქმედება დისკრიმინაციულად არ ჩათვალა. 


ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ბარონესა ლედი ჰეილმა განმარტა შემდეგი, რომ - „საცხობს შეეძლო უარი ეთქვა თავისი ნამცხვრის მიწოდებაზე ნებისმიერისთვის, განურჩევლად მისი პიროვნული მახასიათებლისა. აქედან გამომდინარე, დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, ადგილი არ ჰქონია“.


დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: - „მივდივართ დასკვნამდე, რომ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, საქმეში დისკრიმინაციის ფაქტი არ არსებობს, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ ამ განმარტებით გეი ადამიანების პრობლემებს ვაკნინებ. 70 წლის წინ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლში ჩაიწერა - „ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავის ღირსებასა და უფლებებში.“ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ადამიანებს თანასწორი პატივისცემით ნამდვილად არ ეპყრობიან. ძალიან დამამცირებელია ადამიანის ღირსებისთვის, მისი უარყოფა რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მიზეზის გამო, მაგრამ ყოველივე ამას ჩვენს განსახილველ საქმეში, ადგილი არ ჰქონია და ეს გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში, არ უწყობს ხელს ამ მავნე პრაქტიკის გავრცელებას.“


უნდა ითქვას, რომ განხილული საქმე ძალიან ჰგავს 2018 წლის 4 ივნისს, შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილ საქმეს – „Masterpiece Cakeshop Ltd. v. Colorado Civil Rights Commision“. ამიტომ, ბრიტანეთის სასამართლომ სწორედ ამერიკის სასამართლოს მიერ შემოთავაზებული პრაქტიკითაც იხელმძღვანელა. 


მნიშვნელოვანია აღინიშნოს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებიდან მთავარი აქცენტები. კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, 2012 წელს, Masterpiece Cakeshop Ltd-ის სახელწოდებით მოქმედ საცხობში, რომელსაც ფლობდა და მართავდა ადგილობრივი მცხობელი და რელიგიით ქრისტიანი ჯეკ ფილიპსი, სტუმრად მივიდა გეი წყვილი და საქორწილო ტორტის დამზადება მოითხოვა. საცხობმა, წყვილს ტორტის მიყიდვაზე უარი უთხრა თავიანთი სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე, რისთვისაც, მათ ეს ქმედება კოლორადოს სამოქალაქო უფლებათა კომისიაში გაასაჩივრეს და აღნიშნეს, რომ კომპანიის ქმედება ეწინააღმდეგებოდა კოლორადოს ანტიდისკრიმინაციულ აქტს. 


საქმე, გრძელი გზის გავლის შემდეგ, შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლომდე მივიდა, სადაც, მოსამართლეებმა, 7–2–ზე შეფარდებით, გამოიტანეს გადაწყვეტილება გეი წყვილის საწინააღმდეგოდ. მათ, საცხობის მფლობელების ქმედება გამოხატვის თავისუფლებისა და რელიგიის თავისუფლების ფარგლებში მოაქციეს, რაც კონსტიტუციის პირველი შესწორებით არის გარანტირებული. 


როგორც მოსამართლე კენედი დასაწყისშივე განმარტავს, „სახეზე გვაქვს ორი კონსტიტუციური პრინციპის დაპირისპირება: პირველი – სახელმწიფოს უფლებამოსილება, დაიცვას ისეთი გეი წყვილების ღირსება და მათი უფლებები, რომლებსაც სურთ იყვნენ ქორწინებაში და მეორე – ყველა ადამიანის უფლება, რომ გამოიყენოს პირველი შესწორებით მინიჭებული თავისუფლებები.“


მოსამართლეთა უმრავლესობამ განმარტა, რომ ბიზნესმა არ შეიძლება საზოგადოდ უარი უთხრას პროდუქტის მიწოდებაზე პირებს, გეი ქორწინების ფარგლებში, თუმცა მათვე მიუთითეს, რომ მცხობელის პოზიცია, რომ მას არ სურს კონკრეტული სახის ტორტის დამზადება, ჯდება გამოხატვის თავისუფლების უფლების ფარგლებში. 


საინტერესო იყო მოსამართლე კლარენს თომასის მოსაზრებაც, რომელმაც მცხობელის პოზიცია სიტყვის თავისუფლების ჭრილში განმარტა და აღნიშნა, რომ „სახელმწიფომ არ უნდა შეზღუდოს თავისუფალი სიტყვა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი ჯგუფი მას შეურაცხმყოფელად, საზიანოდ, სტიგმატიზებულად, არაგონივრულად ან უღირსად მიიჩნევს."


მასალა მოამზადა: გიორგი ლაბაძემ
კომპანიის იურისტი