KB - სააპელაციო სასამართლომ ზედმეტად გადახდილი ბაჟის დაბრუნებაზე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

17.10.2018

KB - სააპელაციო სასამართლომ ზედმეტად გადახდილი ბაჟის დაბრუნებაზე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

KB - ის წარმომადგენლობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განჩინება და ამავე სასამართლოს დაევალა მოსარჩელის მიერ ზედმეტად გადახდილი 2900 ლარის უკან დაბრუნებაზე სააღსრულებლო ფურცლის გაცემა.

საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3000 ათასი ლარიდან 2900, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დაუბრუნდა მოსარჩელეს. საქმე გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, აგრეთვე საკასაციო წესით, თუმცა არ გასაჩივრებულა ბაჟის ნაწილში, რაც მოსარჩელეს ეკუთვნოდა და დაუბრუნდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავა დაასრულება მორიგების აქტის საფუძველზე. შესაბამისად, გაუქმდა საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან ის ძირითადი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და ეს გადაწყვეტილება გააუქმა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო აღარ წარმოადგენდა აღნიშნულ საქმეზე მხარეთა მიერ გაღებული ხარჯების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მქონე უფლებამოსილ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განჩინება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო ეტაპზე, დავის საგანი არ ყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლო ეტაპზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2900 (ორიათას ცხრაასი) ლარის უკან დაბრუნების საკითხი,როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნულ ნაწილში სამართლებრივი პრეტენზია სასამართლოს არ წარსდგენია. ამასთან, კერძო საჩივარში არ იქნა გაზიარებული განმარტება, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლო აღარ იყო საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მქონე უფლებამოსილი სასამართლო. მხარის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მქონე უფლებამოსილი სასამართლო არ იყო არც სააპელაციო  და არც საქართველოს უზენაესი სასამართლო, ვინაიდან საქმის განხილვის ეტაპზე, აღნიშნულ ინსტანციებში არ დამდგარა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხი.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ძირითად გადაწყვეტილებაში მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ზედმეტად გადახდლი სახელმწიფო ბაჟის საკითხი. ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ავტომატურად არ გულისხმობდა მის გასაჩივრებას ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნების ნაწილში, ვინაიდან ამ ნაწილში, გადაწყვეტილება მხარის სასარგებლო იყო და აღნიშნული არ შეიძლება გამხდარიყო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. მართალია, სააპელაციო საჩივარში მხარე მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სრულად, თუმცა ეს გულისხმობდა გასაჩივრებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (მატერიალურ ნაწილში) და არა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნების ნაწილში ( პროცესუალურ ნაწილში). ამდენად, ცალსახაა, რომ ამ უკანასკნელ ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და შესულია კანონიერ ძალაში.

პალატა ვერ გაიზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და ამავე კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. ასევე, ვერ გაიზიარებს სასამართლოს იმ განმარტებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ძირითადი გადაწყვეტილება, სრულად გაუქმებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის  განჩინებით.

პალატა ეთანხმება და იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის იმ განმარტებას, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მქონე უფლებამოსილი სასამართლო არ არის  არც თბილისის სააპელაციო სასამართლო და არც საქართველოს უზენაესი სასამართლო, ვინაიდან საქმის განხილვის ეტაპზე,  აღნიშნულ ინსტანციებში, არ დამდგარა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხი, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ძირითადი გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში არც გასაჩივრებულა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მესამე პუნქტი არ გაუქმებულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება სადავოდ არც გამხდარა მხარეთა მიერ და შესაბამისად შესულია კანონიერ ძალაში.

ამასთან, პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაევალოს იმსჯელოს უკან დაბრუნებული 2900 (ორიათას ცხრაასი) ლარის ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე და არა როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან აღნიშნულზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით არსებითად უკვე იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამ თვალსაზრისით, პირველი ინსტანციის სასამართლოს ვალდებულებას არ ცვლის ის გარემოება, რომ მხარემ მოითხოვა არა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, არამედ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნება, რაც უკვე გადაწყვეტილი იყო, რადგან მხარის განცხადების შინაარსიდან ცალსახად გამომდინარეობდა მისი სურვილი - აღსრულებულიყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული (გაუსაჩივრებელი) ის ნაწილი, რომლითაც მას დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა. ამდენად, ერთადერთი ქმედება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა შეასრულოს, ის არის, რომ მხარის განცხადება მიიჩნიოს მოთხოვნად ზემოაღნიშნულ ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ და გასცეს იგი.