KB - სახელმწიფომ დაზარალებულის ოჯახის მიმართ კომპენსაცია გასცა და ოჯახის წევრი დაასაქმა

24.10.2018

KB - სახელმწიფომ დაზარალებულის ოჯახის მიმართ კომპენსაცია გასცა და ოჯახის წევრი დაასაქმა

KB-ს წარმომადგენლობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის მიერ, ამავე სამსახურის თანამშრომლის, ზ. თ.-ს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავების გამო, ზ. თ.-ს ოჯახის მიმართ ერთჯერადი კომპენსაციის სახით 7 000 ლარი გაიცა,  ხოლო ოჯახის წევრი დასაქმდა.

KB-ს მხრიდან საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ მომზადდა წერილობითი მიმართვა საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ და მოთხოვნილი იქნა მოქალაქე ზ. თ.-ის ოჯახის მიმართ ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის გაცემა, ოჯახის სოციალურად უზრუნველყოფა, მათ შორის ზ. თ.-ის მეუღლის დასაქმება. კომპანია დასახელებული მიმართვის ფარგლებში დაეყრდნო ძირითად ფაქტობრივ გარემოებას, რაც გულისხმობს იმას, რომ შს-ს დაცვის პოლიციის სამსახურის თანამშრომელი, ზ. თ. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ბრალეულობის გარეშე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევაში, რითაც მას მიადგა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, მოქალაქე გახდა შრომისუუნარო, დღეის მდგომარეობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას არ შეუძლია გადაადგილება, შეზღუდული აქვს კომუნიკაციის უნარი, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გახლავთ აღიარებული მხარდაჭერის მიმღებად და მისი უფლებების განხორციელებას უზრუნველყოფს მეუღლე, ნ. უ., შემდგომში მხარდამჭერი.

საქართველოს კანონმდებლობით, როდესაც პირი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას სახელმწიფო ამ პირის და მისი ოჯახის მიმართ იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის სამსახურმა სრულად გაიზიარა  KB-ის მიმართვა, წარდგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, რის შემდეგაც დაზარალებულის ოჯახის მიმართ გასცა ერთჯერადი კომპენსაცია 7 000 ლარის ოდენობით და უზრუნველყო ზ. თ.-ს მეუღლის დასაქმება.