KB- სასამართლომ მამას შვილების ყოველთვიური რჩენისთვის, 420 ლარი დააკისრა

11.11.2018

KB- სასამართლომ მამას შვილების ყოველთვიური რჩენისთვის, 420 ლარი დააკისრა

KB-ს იურისტებმა ალიმენტის დავაზე მოქალაქე ნ.ფ.-ის და მისი არასრულწლოვანი შვილების უპირატესი ინტერესები დაიცვეს. ნ. ფ.-ის წარმომადგენლებმა 2018 წლის 27 ივლისს დ.ბ.-ის  მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს და მოითხოვეს შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება. მოპასუხე დ.ბ.-მ  2018 წლის 13 სექტემბერს, წარმოდგენილი შესაგებლი სარჩელით მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნ.ფ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი. მოპასუხეს, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრიდან შვილების სრულწლოვნებამდე, დაეკისრა საალიმენტო ვალდებულება, ყოველთვიურად, ნაცვლად მოთხოვნილი 500 ლარისა, 420 ლარის ოდენობით. მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით და მოსარჩელის მიერ წარმოებული დავის ფარგლებში გაწეული იურიდიული მომსახურების ნაწილი.

KB-ის იურისტებმა, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, წარადგინეს მორიგების აქტის პროექტი, რომელშიც, როგორც მხარეების, ისე არასრულწლოვანთა ინტერესები იყო გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები და კონსულტაციები მიმდინარეობდა მორიგებასთან დაკავშირებით, საბოლოოდ მოსარჩელე  არ დაეთანხმა მორიგების აქტის იმგვარ დაზუსტებას, რომელიც არ გამომდინარეობდა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვიდან. მხარეები ვერ  შეთანხმდნენ, რის შემდეგაც მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში და სასამართლომ საქმე არსებითად განიხილა.

KB-ს იურისტებმა, სასამართლოს წარუდგინეს ყველა ინფორმაცია და მტკიცებულება, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა მომხდარიყო არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და რატომ  უნდა გადაეხადა მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტი 500 ლარის ოდენობით. აგრეთვე, მოსარჩელის წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული დავის ფარგლებში გაწეული ხარჯების დაკისრების შესახებ. საქმეს მოსამართლე ლელა ცანავამ განიხილა. მოქალაქის ინტერესები გიორგი ზოიძემ და არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინეს.